ჩემი
პირველი შეხვედრა რაჭასთან შებინდებისას მოხდა. ნიკორწმინდაში, უალტერნატივო სიმწვანეში
ჩაფლულ ეზოში აღმოვჩნდი, ეზოს სიღრმეში მდგარი ულამაზესი რაჭული სახლით. გავაცნობიერე,
რომ ამ ღამით აქ დავიძინებდი და მივხვდი, რომ ჯადოსნობები დაიწყო.
შუშაბანდიანი
ხის თეთრი სახლი. ხის კიბით და ხის კედლებით. ძველებური, ჭრელი შპალერით და ფერადი
ხალიჩებით. ეს სწორედ ის მისტიკა იყო, რომელზეც მსმენოდა და მანამდე არ მენახა.
კიდევ
ბევრი გასაოცარი ადგილი ვნახე რაჭაში, მაგრამ როდესაც რაჭის შესახებ მკითხავენ, ან
ახსენებენ, სწორედ ნიკორწმინდა და ეს სახლი გამახსენდება. ზუტად ამ სახლივით კოხტა
და იმ კოცონივით თბილ მოგონებად დამრჩა რაჭა,
საღამოობით რომ ვსხდებოდით გარშემო, ღვინოს ვწრუპავდით და აქაურ ლეგენდებს ვყვებოდით.
Comments
Post a Comment